ირაკლი კობახიძე - მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტი კავშირების კიდევ უფრო გამყარებაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს
ირაკლი კობახიძე - მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტი კავშირების კიდევ უფრო გამყარებაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარმატებულად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტს აშშ-ში.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-აშშ-ის კავშირის გამყარებაში.

„მინდა მივულოცო მამუკა ბახტაძეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში. ძალიან მაღალ დონეზე შედგა ეს ვიზიტი, ამას ცხადყოფს მაიკ პომპეოსთან შეხვედრა.  კავშირების კიდევ უფრო მეტად გამყარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რა თქმა უნდა, მამუკა ბახტაძის ვიზიტი ამაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორების შეფასებები.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რეფორმების გზაზე სტრატეგიული პარტნიორების ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორების, მეგობრების განცხადებები. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, აქ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად; ხვალ უკვე ინიცირდება ახალი პაკეტი, ე.წ. რეფორმების მეოთხე ტალღის პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებებს სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. ეს დადებით ცვლილებას შეიტანს მართლმსაჯულების სისტემაში. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ძალიან დიდი დრო და ყურადღება დავუთმეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას, შესაბამის კანონმდებლობას და პროცესი წარიმართება ახლა ღიად და გამჭირვალედ და დარწუნებული ვარ, შედეგად მივიღებთ კეთილსინდისიერ და მაღალკვალიფიციურ მოსამართლეებს.

შესაბამისად, გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა და მზად ვართ, რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რომელიც მომდინარეობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.

რაც შეეხება არჩევნებს, უკვე ზეგ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანი იქნება „ოდირის” რეკომენდაციებთან ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა და დარწუნებული ვარ, ძალიან ფართო თანხმობით მივიღებთ შესაბამის კანონმდებლობას და ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკაც თანდათანობით დაიხვეწება არჩევნების კუთხით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.