ირაკლი კობახიძე - მამუკა ბახტაძე საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევა, დარწმუნებული ვარ, მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალ ენერგიას შესძენს ჩვენს პოლიტიკას
მამუკა ბახტაძე ძალიან საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევა და ჩვენ ველოდებით მისგან ახალ ინიციატივებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვის საპასუხოდ, თუ რა უნდა გააკეთოს განსხვავებული მამუკა ბახტაძის მთავრობამ.
„სხვადასხვა მიმართულებით არის საჭირო პოლიტიკის განახლება. ჩვენ ველოდებით ახალ ინიციატივებს. მამუკა ბახტაძე გამოირჩევა იმით, რომ მას ჰქონდა ძალიან საინტერესო ინიციატივები რომლებსაც თავის დროზე, პარლამენტმა მხარი დაუჭირა და ჩვენ ვხედავთ უკვე ხელშესახებ შედეგებს ამ ინიციატივებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა უზრუნველყოფს პოლიტიკის სწორი მიმართულებით განახლებას.
„ახლა მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები. ბუნებრივია, არ დავასწრებ ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მან თავად უნდა წარმოადგინოს ინიციატივები. ჩვენ გვექნება სერიოზული მსჯელობა ამასთან დაკავშირებით პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, მთავრობის ახალი შემადგენლობა უზრუნველყოფს პოლიტიკის სწორი მიმართულებით განახლებას და ახალ ენერგიას შესძენს ჩვენს პოლიტიკას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე არ საუბრობს მინისტრთა კაბინეტის კონკრეტულ ცვლილებაზე, მათ შორის არც იმაზე, დარჩება თუ არა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანი ან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაინიშნება თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრად აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე. კობახიძის თქმით, მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით პოზიციას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე დააფიქსირებს. ამასთან, პარლამენტის სპიკერი აღნიშნავს, რომ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებელად იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა .
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 13 ივნისს გააკეთა. პრემიერის გადადგომის შემდეგ, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა.