ირაკლი კობახიძე - მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ვნახე რამდენიმე ოპონენტის განცხადება, ისინი არიან შეშფოთებულები არჩევნების ჭრილში
მმართველი გუნდის წარმომადგენელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული ღირებულება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთვის.
მისივე თქმით, ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს და პროდასავლურ, ამერიკულ კურსს, რომელიც აქვს აღებული საქართველოს ხელისუფლებას.
„რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, პირველ რიგში, სახელმწიფოებრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ ეს ვიზიტი. როდესაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ესოდენ მაღალი თანამდებობის პირი, სახელმწიფო მდივანი ჩამოდის საქართველოში, ბუნებრივია, ეს ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას და მხარდაჭერის კიდევ ერთხელ ხმამაღლა დაფიქსირებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როცა არის გარკვეული მცდელლობები რეგიონში რუსეთის ფედერაციის გავლენების გაფართოების, ჩვენთვის ამერიკულ მხარდაჭერას, მით უმეტეს ამ დროს და ამ ვითარებაში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
ვნახე რამდენიმე ოპონენტის განცხადება ამ ვიზიტთან დაკავშირებით, და ისინი იყვნენ საკმაოდ შეშფოთებული, მათ აქვთ გარკვეული შიშები ამ ვიზიტთან დაკავშირებით არჩევნების ჭრილში და კონტექსტში, მაგალითად, კანდელაკი საუბრობდა იმაზე, რომ, პომპეო არ ჩაერევა შიდა პროცესებში, ანუ, ცდილობდა, დაემშვიდებინა საკუთარი მხარდამჭერები, სააკაშვილს ჰქონდა საკმაოდ შეშფოთებული სახე და შესაბამისი განცხადებები, ჩვენ პირველ რიგში ეს ვიზიტი უნდა განვიხილოთ სახელმწიფოებრივ ჭრილში.
მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული ღირებულება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის, აშშ-სთვის, ეს ვიზიტი იქნება ამის კიდევ ერთი დასტური, იქნება დასტური იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს და პროდასავლურ, ამერიკულ კურსს, რომელიც აქვს აღებული საქართველოს ხელისუფლებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.