ირაკლი კობახიძე - მაიკ პომპეოს ვიზიტი არის აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება საქართველოსა და ქვეყნის ხელისუფლების პროდასავლური კურსის მიმართ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დაგეგმილი ვიზიტი არის აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება საქართველოსა და ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებული პროდასავლური კურსის მიმართ, – ამის შესახებ საქართველსო პირველ არხს მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.
„მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორი ჩამოდის საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ მხარდაჭერას, რაც აქვს ჩვენ ქვეყანას აშშ-სგან ყველანაირი თვალსაზრისით.
ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი თანამშრომლობა და ეს არის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება საქართველოს მიმართ და საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული პროდასავლური კურსის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეოს შეხვედრები ექნება საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან.
„პირველ რიგში ეს არის სახელმწიფოებრივი დატვირთვის მქონე ვიზიტი. რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე შეიძლება იყოს საუბარი, რაც უკავშირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიულ განვითარებას. ამას უკვე ვიზიტის დღის წესრიგი გვიჩვენებს“, – განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვევა.