ირაკლი კობახიძე - მაიკ პომპეოს განცხადება აშშ-ის მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მისი მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ სხვადასხვა ფორმით გამოიხატება.
„აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი ძალიან მყარი მხარდამჭერი და ეს მხარდაჭერა გამოხატულია სხვადასხვა ფორმით. მაიკ პომპეოს განცხადებაც, რა თქმა უნდა, მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო. ასევე იცით, რომ არაერთ დოკუმენტში აისახა ჩანაწერები, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უკავშირდება. ამ ჩანაწერებს აქვს თავისი პირდაპირი დატვირთვა, კერძოდ, აისახება იმაზე, რომ ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პოლონეთში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში აშშ-სა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებასა და ცხოვრების წესს ემუქრება.