ირაკლი კობახიძე - მაღალი ეკონომიკის ზრდის პირობებში, სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრას რამდენიმე წელიწადი დასჭირდება
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, რეგიონულ კონფერენციაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ორწლიან პერიოდს პარტია განვითარებისთვის გამოიყენებს, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად.
„რაც შეეხება პარტიის განვითარებას, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რეფორმების ახალი ტალღა ჩვენ გვექნება დაახლოებით ორწლიანი პერიოდი, ერთი არჩევნებიდან მეორე არჩევნებამდე პერიოდში, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი პარტია და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც აქტიურობს არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ, რომელიც აქტიურია არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც და რომელიც მუდმივ რეჟიმში არის ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმაში და ამ პროცესების მართვაში.
მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ის წარმატებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ქვეყნის განვითარების კუთხით, პარტიის გაძლიერების კუთხით, არის, რა თქმა უნდა, თითოეული თქვენგანის, თითოეული ჩვენგანის დამსახურება და ჩვენ, ბუნებრივია, მადლობა უნდა გადაგიხადოთ თითოეულ თგვენგანს ერთად დგომისთვის, თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის. ამის გარეშე, ბუნებრივია, წარმატება იქნებოდა შეუძლებელი”,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, წარმატებებთან ერთად, ქვეყნის წინაშე დგას გამოწვევები.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი მიზანი სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრაა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მაღალი ეკონომიკის ზრდის პირობებში, სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრას რამდენიმე წელიწადი დასჭირდება. მისივე თქმით, მმართველ გუნდს აქვს მკაფიო ხედვა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
„ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, წარმატებებზე, თუმცა, ამავდროულად არ გვავიწყდება, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე არის უამრავი გამოწვევა, არის სირთულეები. საჭიროა, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება, იმისათვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს, ეს არის სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში. მაღალი ეკონომიკის ზრდის პირობებში ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე და აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენი ძალისხმევა. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანები იყოს საბოლოოდ მიღწეული. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და აქაც დაგვჭირდება რამდენიმე წლიანი ძალისხმევა. დაგვჭირდება აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს მიზნები იქნეს მიღწეული. ამ ყველაფერს სჭირდება, ზოგადად, თითოეული ჩვენგანის მუხლჩაუხრელი შრომა, სჭირდება ჩვენი ერთად დგომა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობის, ჩვენი ერთობლივი შრომით და ჩვენი ერთად დგომით ჩვენ ამ დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ”,- განაცხადა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.