ირაკლი კობახიძე - მადლობას ვუხდით უცხოელ მეგობრებს, რომ დაინტერესდნენ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციით და ჩაატარეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემების აუდიტი
მადლობას ვუხდით ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ დაინტერესდნენ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ჩაატარეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემების აუდიტი, რომელმაც დაადასტურა, რაზეც რეალურად ვსაუბრობდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომელშიც აღნიშნული იყო „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგის სიზუსტე, თუმცა გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.“
„პირველ რიგში, ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს უცხოელ მეგობრებს იმისთვის, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციით დაინტერესდნენ და ჩაატარეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემების აუდიტი, რამაც ის დაადასტურა, რაზეც ჩვენ რეალურად ვსაუბრობდით.
ხმის პარალელური დათვლის და ცესკო-ს მონაცემები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. იქ გარკვეული ხარვეზი იყო, ამას ხარვეზი ვუწოდოთ, რაც აცდენას განაპირობებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სკანდალური ინფორმაციაა. ამასთან დაკავშირებით პარტია ხვალ კონკრეტულ განცხადებას გააკეთებ“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე – ხარვეზი, რომელზეც ის საუბრობს, შეგნებულად მოხდა თუ უნებლიეთ, კობახიძე ამბობს, რომ ყველა დეტალთან დაკავშირებით ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.
„სამართლიანი არჩევნებმა“ დღეს საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, დადგენილი სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მანდატების რაოდენობაზე.
ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული.
ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დღეს გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.