ირაკლი კობახიძე - მადლობას ვუხდი ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს და გულშემატკივრებს, მათი როლი ამ წარმატებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, გამორჩეულ ფეხბურთელს თავის დროზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და დღეს არაჩვეულებრივ მწვრთნელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ასევე ქართველ გულშემატკივარს და აღნიშნა, რომ გულშემატკივრის როლი საქართველოს ნაკრების წარმატებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, გამორჩეულ ფეხბურთელს თავის დროზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და დღეს არაჩვეულებრივ მწვრთნელს. ვინც ერკვევა ფეხბურთში, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მისი წვლილი ამ წარმატებაში არის გამორჩეული და განსაკუთრებული. მადლობა ჩვენს საამაყო მწვრთნელს ამისათვის. მადლობა, მინდა, გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. თურქეთთან განსხვავებული ვითარება იყო, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან თამაშზე ჩვენი გულშემატკივრები ჭარბობდნენ და მადლობა ამ ენთუზიაზმისთვის. ყველამ ვიცით, რომ გულშემატკივარი არის მეთორმეტე მოთამაშე და გულშემატკივრის როლი ამ წარმატებაშიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობამ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა იმაში, რომ რაც შეიძლება მეტ ქართველს შეძლებოდა ევროპის ჩემპიონატზე დასწრება ფრენების სუბსიდირებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა პრემიერმა.