ირაკლი კობახიძე - მადლობას გადავუხდი ცესკო-ს გაწეული საქმიანობისთვის, კომისიამ უზრუნველყო არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარება, ოპოზიციამ კი, კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე
ირაკლი კობახიძე - მადლობას გადავუხდი ცესკო-ს გაწეული საქმიანობისთვის, კომისიამ უზრუნველყო არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარება, ოპოზიციამ კი, კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე

ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს გუშინ ცესკო-ს სხდომაზე მომხდართან დაკავშირებით, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მომხდარის შეფასება მისი პრეროგატივა არ არის და ქმედებას შეაფასებს შესაბამისი უწყება.

„ჩვენ უნდა დაველოდოთ ოფიციალურ სამართლებრივ კვალიფიკაციას. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციამ საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება. მადლობას გადავუხდი ცესკო-ს გაწეული საქმიანობისთვის, იმისთვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა. აღნიშულ ფაქტზე ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.