ირაკლი კობახიძე - მადლობა გვინდა გადავუხადოთ უცხოელ პარტნიორებს იმისათვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას ხმების პარალელური გადათვლის ცდომილებასთან დაკავშირებით
მადლობა გვინდა გადავუხადოთ უცხოელ პარტნიორებს იმისათვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით, ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური გადათვლის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ხმის პარალელური დათვლა – ე.წ. PVT განიხილება როგორც ცესკო-ს მონაცემების კორექტულობის გადამოწმების მთავარი მექანიზმი.
„განსხვავებით გასული წლებისგან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ამა წლის პირველ ნოემბერს გამოქვეყნებულ PVT-ში პირველად დაფიქსირდა არსებითი გადახრა ცესკო-ს შედეგებიდან, რაც ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარ საყრდენად იქცა. კერძოდ, PVT-ის თანახმად, ფიქსირდებოდა 2,4-პროცენტიანი ცდომილება „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, რის საფუძველზეც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ.
PVT-ის ელემენტარული მათემატიკური ანალიზის საფუძველზე, ჩვენ იმთავითვე შევიტანეთ ეჭვი მისი მონაცემების კორექტულობაში. აშკარა იყო, რომ პარტიების პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლისას, დაშვებული იყო უხეში ხარვეზი, რომლის გამოსწორების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით, PVT-ის მონაცემები დაემთხვეოდა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს. ამის თაობაზე, ჩვენ ღიად ვისაუბრეთ პარტიის ოფისში გამართულ რამდენიმე ბრიფინგზე. მადლობა გვინდა გადავუხადოთ უცხოელ პარტნიორებს იმისათვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით, ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა. უაღრესად მნიშვნელოვანია, ხარვეზის მიზეზი სრულად, გამჭვირვალედ და რაც შეიძლება მოკლე ვადებში იქნას შესწავლილი“, – განაცხადა კობახიძემ.