ირაკლი კობახიძე - მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ჩვენს ქვეყანაში
მადლობა ბიძინა ივანიშვილს, უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ქუთაისში, ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უზრუნველყოფილია თავისი სასწავლო კორპუსებით, საერთო საცხოვრებლებით და ძალიან დიდი ბედნიერებაა თითოეული სტუდენტისთვის ასეთ გარემოში განათლების მიღება.
„ჩვენ აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ქუთაისში, ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ნამდვილად უნიკალური ინფრასტრუქტურაა. არის უნიკალური ადგილმდებარეობა, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია და რომელიც პირადად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა შეარჩიეს. არის არაჩვეულებრივი, უმაღლესი ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა. მე სამი წელი ვსწავლობდი ევროპაში და იქაც კი არ იყო ისეთი ინფრასტრუქტურა, იმ კონკრეტულ უნივერსიტეტში, სადაც მივიღე განათლება, როგორიც არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უზრუნველყოფილი თავისი სასწავლო კორპუსებით, საერთო საცხოვრებლებით. ნამდვილად ძალიან დიდი ბედნიერებაა თითოეული სტუდენტისთვის ასეთ გარემოში განათლების მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სამომავლოდ მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.
„სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამაზე მინდა, ორი სიტყვა გითხრათ. მე მქონდა საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და არის ძალიან ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება უნივერსიტეტის შემდგომ გაფართოებას. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის განვითარების სამომავლო 4-წლიანი გეგმის წარდგენას საზოგადოების წინაშე და ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება განათლების რეფორმის განხორციელება. კონკრეტულად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუნივერსიტეტო რეფორმის განხორციელებაზე და აქ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს.
ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნებათ ქვეყანაში განათლების მიწოდების თვალსაზრისით. ეს გულისხმობს იმას, რომ მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო მეტად, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს ოთხი წლის თავზე, 2028 წლისთვის 30 000-მდე სტუდენტის მიღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ და, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი სასწავლო პროგრამების გაფართოება, დამატებით კვალიფიციური პერსონალის მოწვევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ამ გეგმის განხორციელება თავიდან ბოლომდე დაფინანსდება ბიძინა ივანიშვილის მიერ, რისი მზაობაც მან პირადად დაადასტურა. ამისთვისაც მინდა, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.