ირაკლი კობახიძე - მადლობა ბიძინა ივანიშვილს 2014 წლიდან პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა ყველას და გაძლევთ პირობას, მაქსიმალურად დავიხარჯები ამ ნდობის გასამართლებლად
მადლობა ბიძინა ივანიშვილს 2014 წლიდან პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა ყველას და გაძლევთ პირობას, მაქსიმალურად დავიხარჯები ამ ნდობის გასამართლებლად, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის დღევანდელ ყრილობაზე.
„ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის, ძალიან დიდი მადლობა გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს თბილი წარდგენისთვის – ნამდვილად საამაყოა, რომ ნამდვილი ჩემპიონი და ლიდერი ასეთი თბილი სიტყვებით წარგადგენს და გიჭერს მხარს.
მივესალმები რა თქმა უნდა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც თვალყურს ადევნებენ დღეს, ჩვენს ყრილობას. მივესალმები ჩვენი პარტიის 44 ათას წევრს. თითოეულ მათგანს შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნისა და ჩვენი პარტიის წარმატებაში.
ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა. დღემდე ის იყო თავისუფლების, მშვიდობის და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, რა თქმა უნდა სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე და ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი თავდადება და შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ასევე მინდა მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს პარტიის თავმჯდომარედ წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და პოლიტიკური საბჭოს, ამ პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს გამოცხადებული ნდობისთვის.
მადლობას გიხდით ყრილობის დელეგატებს და ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს ჩემთვის გამოცხადებული ესოდენ მაღალი ნდობისთვის. გაძლევთ პირობას, რომ მაქსიმალურად დავიხარჯები ამ ნდობის გასამართლებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს. პარტიის ყრილობაზე დღესვე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.