ირაკლი კობახიძე - მაჟორიტარული სისტემის გაუქმების პირობებში, რა თქმა უნდა, არის სირთულეები, თუმცა დელეგატის ინსტიტუტი მოგვცემს ნაკლოვანებებთან დაპირისპირების საშუალებას
მაჟორიტარული სისტემის გაუქმების პირობებში, რა თქმა უნდა, არის სირთულეები, თუმცა დელეგატის ინსტიტუტი მოგვცემს ნაკლოვანებებთან დაპირისპირების საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, დელეგატები პოლიტიკურად იქნებიან პასუხისმგებელი კამპანიის წარმართვაზე, თითოეული შესაბამის რეგიონში და არჩევის შემდეგ იქნებიან ასევე პასუხისმგებელი, ჰქონდეთ მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობა ამომრჩეველთან.
„მიზანია, მაქსიმალურად მჭიდრო იყოს კომუნიკაცია ჩვენს კანდიდატებსა და ამომრჩეველს შორის. მოგვიანებით უკვე, როცა აირჩევა პარლამენტი, მნიშვნელოვანია, დეპუტატებს ჰქონდეთ მჭიდრო კავშირი ამომრჩეველთან. მაჟორიტარობის გაუქმების პირობებში, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არის, ასე ვთქვათ, სირთულეები, თუმცა დელეგატის ინსტიტუტი მოგვცემს ამ ნაკლოვანებებთან რაღაცნაირად დაპირისპირების საშუალებას. კერძოდ, იქნებიან დელეგატები, რომლებიც უშუალოდ ჩაატარებენ კამპანიას ადგილებზე, ისინი პოლიტიკურად იქნებიან პასუხისმგებელი კამპანიის წარმართვაზე თითოეულ შესაბამის რეგიონში. შემდეგ უკვე, როცა იქნებიან არჩეული საქართველოს პარლამენტში, ისინი იქნებიან ასევე პასუხისმგებელი, რომ ჰქონდეთ მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობა და კავშირი ამომრჩეველთან. ანუ, ეს ვერ იქნება სრულფასოვანი ჩანაცვლება მაჟორიტარის ინსტიტუტის, თუმცა გარკვეულწილად აღმოფხვრის იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც მაჟორიტარების გაუქმებასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა კობახიძემ.