ირაკლი კობახიძე - ლონდა თოლორაიას შეუძლია, შესაბამისი საჯარო თანამდებობა დაიკავოს, პრემიერ-მინისტრმა მას ეს შესთავაზა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ინსტიტუციურად უკეთესად იქნება მოწესრიგებული. მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია.
ამასთან, მან ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არც ერთი თანამშრომელი სამსახურს არ დაკარგავს.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ინსტიტუციურად უკეთესად იქნება მოწესრიგებული. კანონპროექტში სამართლებრივად რომ ყველაფერი გამართულია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ინსტიტუციურად უმჯობესდება, სამართლებრივად – გამართულია. ყველა დეპარტამენტის 120 თანამშრომელი ადგილზე დარჩება. მეტიც, კონკრეტული დეპარტამენტების თანამშრომლებს არჩევანი ექნებათ, რომელ სამსახურში სურთ არჩევა. შესაბამისად, არც ერთი თანამშრომელი არ დაკარგავს სამსახურს.
სამსახურის უშუალო ხელმძღვანელზე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა შეთავაზება – ლონდა თოლორაიას შეუძლია, დაიკავოს შესაბამისი, ადეკვატური თანამდებობა. შსს-ს კადრია, მის კვალიფიკაციაზე ყველას აქვს ინფორმაცია და შეუძლია, ადეკვატური საჯარო თანამდებობა დაიკავოს. კანონპროექტის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას საფუძველი ვერ ექნება. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტოზე, მას ეს პოზიცია არ დაუფიქსირებია. როცა პოზიციას დააფიქსირებს, შემდეგ შეგვიძლია, საუბარი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.