ირაკლი კობახიძე - ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი პოლიტიკური კოორდინაციის შეფუთვაა, რომლის ერთ-ერთი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ქვეყანაში ვითარების არევაა
ვერანაირი ლობისტური კონტრაქტით და ვერანაირი კოორდინაციით ჩვენ ვერ გადაგვახვევინებენ იმ გზიდან, რომელიც არის შესაბამისობაში და თანხვედრაში ჩვენს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გიული ალასანიას განცხადებაზე, რომელიც ადასტურებს პიარკომპანია „გლობალ პოინტთან“ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ ინფორმაციას.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ლობისტურ კომპანიასთან ახალი კონტრაქტი რეალურად არის საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური კოორდინაციის შეფუთვა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ქვეყანაში ვითარების არევაა.
„რაც შეეხება ლობისტურ კონტრაქტს, რეალურად, სინამდვილეში ეს არის მხოლოდ შეფუთვა, შეფუთვა იმ კოორდინაციისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება და ამ კოორდინაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის სააკაშვილის გათავისუფლება, რათა ქვეყანაში რაღაცნაირად აირიოს ვითარება და დაირღვეს მშვიდობა. ვერანაირი ლობისტური კონტრაქტით და ვერანაირი კოორდინაციით ჩვენ ვერ გადაგვახვევინებენ იმ გზიდან, რომელიც არის შესაბამისობაში და თანხვედრაში ჩვენს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული კონტაქტი ასევე არის შეფუთვა იმ პოლიტიკური კოორდინაციისა, რომლის მიზნებიც ითვალისწინებს იმასაც, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი.
„სინამდვილეში, ასეთი კონტრაქტები მხოლოდ შეფუთვაა იმ პოლიტიკური კოორდინაციისა, რომელიც ხორციელდება ამ საქმის გარშემო და ეს კოორდინაცია არის საკმაოდ ფართო, ანუ საკმაოდ ფართოა ინტერესი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ საქართველო უნდა გახდეს მეორე ფრონტი. ჩვენ ამას არ გავყვებით, ბუნებრივია. არავის სჯერა იმის, რომ ასეთი ლობისტური კონტრაქტებით ლაგდება ამხელა კოორდინაცია. რა თქმა უნდა, ეს სხვა რამეა. ეს არის პოლიტიკური კოორდინაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და მთავარი ინტერესი არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა არ უნდა გახდეს მეორე ფრონტი, მშვიდობა არ უნდა დაირღვეს ამ ქვეყანაში. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიხელმძღვანელებთ ამ ინტერესით, როგორი კოორდინაციაც უნდა იყოს გარედან, ვინც უნდა მოგვიწოდოს ჩვენ, რომ უარი ვთქვათ სამართლის უზენაესობაზე, სასჯელის აღსრულებაზე და ასე შემდეგ. სიმულაციის საფუძველზე და თვითდაზიანების საფუძველზე ხომ მით უმეტეს, ჩვენ ამ მოწოდებებს ვერ გავყვებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.