ირაკლი კობახიძე - ლიეტუვა ნატო-ში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლიეტუვასა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და შეხვედრაზე სწორედ ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე იმსჯელეს.
ამის შესახებ კობახიძემ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრთან, რაიმუნდას კარაბოლისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს დამტკიცებული ორმხრივი შეთანხმებები, ორმხრივი გეგმა, რომელის საფუძველზეც ხორციელდება თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის ძალიან ბევრ ასპექტს, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში. არის ჩამოყალიბებული ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სპეციალურ ძალებს შორის. ჩვენ ძალიან რეგულარულად ვმონაწილეობთ წვრთნებში – ლიეტუვა საქართველოში განხორციელებულ წვრთნებში და საქართველო ლიეტუვაში განხორციელებულ წვრთნებში.
რა თქმა უნდა, თითოეული ასპექტი ჩვენი თანამშრომლობის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება. ჩვენ სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი. ლიეტუვას აქვს კონკრეტული ინიციატივები კიბერუსაფრთხოების სფეროში და, რა თქმა უნდა, არის საუბარი იმაზე, რომ საქართველო კიდევ უფრო აქტიურად იყოს ჩართული. კიბერუსაფრთხოება არის განსაკუთრებული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიმართულებითაც გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა, ისევე როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახალი მიმართულება ჩვენთვის, რომელსაც სჭირდება გაძლიერება და ამ მიმართულებითაც ლიეტუვასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დროს, ქართულმა დელეგაციამ ყურადღება ასევე გაამახვილა ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობაზე
„ამ მიმართულებით, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ლიეტუვის როლი, რომლიც აქტიურად არის ჩართული არსებითი პაკეტის განხორციელებაში. ზოგადად, ლიეტუვა ასრულებს ძალიან დადებით როლს საქართველოსთვის ნატო-ში. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნისთვის ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით და ამ კუთხით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.