ირაკლი კობახიძე - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათ აერთიანებთ ერთი რამ, ეს არის აგენტურა
ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის არავითარი განსხვავება არ არის, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც გაერთიანებულია ერთი რამით, ეს არის აგენტურა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად დაასახელოს.
„ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები არიან ერთი პოლიტიკური ძალა. ჩვენ ამიტომ ვუწოდებთ მათ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“. რა განსხვავებაა ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის, არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. ეს არის ერთიანი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ერთი რამით არის გაერთიანებული, ეს არის აგენტურა. ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები. აქედან გამომდინარე, სხვაობა მათ შორის არის მხოლოდ პირობითი. ვაშაძე იქნება, გვარამია, ხაბეიშვილი თუ ნებისმიერი სხვა, ეს ერთია, რომ მათ ერთიანობას გამოხატავს, ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არავითარი განსხვავება არ არის მათ შორის, და მეორე, ეს აჩვენებს, რომ სრული დეფიციტი აქვთ. არცერთი ლიდერი არ არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. როცა მეტი არჩევანი არ გაქვს, ვიდრე ხაბეიშვილი, ვაშაძე, გვარამია და ასე შემდეგ, აქედან ჩანს, როგორი საკადრო შიმშილია „ნაცმოძრაობაში“. არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება, არაფერი მოსდგამთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობას. ერთადერთი შანსი აქვთ, რომ წააგებენ არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.