ირაკლი კობახიძე - ლევან იოსელიანის კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან ერთგვარად კომპრომისული იყო, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლევან იოსელიანს სახალხო დამცველად არჩევას ულოცავს.
მისივე თქმით, უმრავლესობა ერთგვარად კომპრომისზე წავიდა, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს დაუჭირა მხარი.
„მინდა, მივულოცო ლევან იოსელიანს სახალხო დამცველად არჩევა. ყველა ვიცნობთ ლევანს ძალიან კარგად და ვიცით მისი პიროვნული თვისებები. მისი პიროვნული თვისებები იყო ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რატომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ლევან იოსელიანი იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. ეს კომპრომისი სხვადასხვა თვალსაზრისით იყო საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, აუცილებლად საჭირო იყო სახალხო დამცველის არჩევა და ამ თანამდებობის ვაკანტურად დატოვება არ შეიძლებოდა. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც იყო ასახული ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძე ამბობს, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა სახალხო დამცველის ასარჩევად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
„სამწუხაროდ, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მხედველობაში არ მიიღო ამ კომპრომისის საჭიროება და დღევანდელ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა. ეს მეტყველებს მათ სულისკვეთებასა და ფარისევლობაზე. ფარისევლობის გამოხატულებაა მათ შორის ის, როდესაც ჩვენი გმირი პატრიარქი, წმინდა პატრიარქი გახატია გულზე და ამ დროს ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ეკლესიას აგინებ. ფარისევლობის გაგრძელება იყო ის, როდესაც საუბრობ ევროკავშირზე და მხარს არ უჭერ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის ჩემი რწმენა, ლევან იოსელიანი იყო ერთადერთი კანდიდატი, რომლის გარშემოც შესაძლებელი იყო 90 ხმის შეგროვება. ერთადერთი კომპრომისული კანდიდატი და გარდა პიროვნული თვისებებისა, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ამის მიუხედავად, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მაინც არ დაუჭირა მხარი იმ გადაწყვეტილებას, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, სჯერა, რომ ლევან იოსელიანი დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იქნება.
„სამწუხაროდ, ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან საპირისპირო მოსაზრება გამოხატა. მათ ლექსიკონში დამოუკიდებელი არის სწორედ ჯაშუშის სინონიმი. თუ არ ხარ ჯაშუში, არ ხარ დამოუკიდებელი. ეს არის მათი ლექსიკონი. დარწმუნებული ვარ, ლევან იოსელიანი იქნება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი და იქნება სახალხო დამცველი, რაც გულისხმობს ხალხის სამსახურში ყოფნას. ეს ყველაფერი ლევანზეა დამოკიდებული. ლევან იოსელიანს კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს ამ თანამდებობაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია.