ირაკლი კობახიძე ლექსო ლაშქარავას საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
„რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს კანონის დაცვით, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებისთვის და ეს ძალიან დროულად გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ვახტანგ გომელაურს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა მედიასაშუალებებმა ამ თემაზე სპეკულაციური კამპანია აწარმოა.
„თქვენ გახსოვთ, როგორი სპეკულაციური კამპანია აწარმოა ამ ძალიან მძიმე და სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით როგორც „ნაცმოძრაობამ“, ასევე მისმა რამდენიმე მედიასაშუალებამ და ასეთ დროს, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და არის იმის ინტერესი, რომ ჩვენ ასეთ ძალადობრივ პოლიტიკურ დაჯგუფებებს არ მივცეთ სპეკულირების საშუალება, ასეთ დროს ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო არა მარტო საქმის დროულად გახსნა, არამედ ყველა დეტალთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს კანონის დაცვით, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებისთვის და ეს გააკეთა ძალიან დროულად და მყისიერად შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ვახტანგ გომელაურს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების თაობაზე უწყების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დღეს ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, უწყების მიერ ჩატარებული შემოწმებების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლების მეორე პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით, შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. მათივე ცნობით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.