ირაკლი კობახიძე - „ლელოს“ ცხრაპუნქტიანი გეგმა, არ ვაჭარბებ, არის ქვეყნის განადგურების გეგმა
„ლელომ“ წარმოადგინა ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც, არ ვაჭარბებ, არის ქვეყნის განადგურების გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ის, რომ დღეს შეხვედრას არ ესწრებიან, ესეც მათ რადიკალიზმზეც მეტყველებს.
„საკითხები, რამდენად ხდება საქართველოში რუსების შემოსვლა, მიწების ყიდვა, ქონების ყიდვა და ასე შემდეგ, ხშირად ხდება ამ მოცემულობის დრამატულად წარმოჩენა. სინამდვილეში, სტატისტიკა ადასტურებს, რომ არავითარი დრამატული პრობლემები არ არსებობს. გახსოვთ, 2022 წელს სამი სხვადასხვა კამპანია ამ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც, მე მგონია, რომ ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ეს იყო ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, რაც გარკვეული დოზით მიღწეული იქნა შესაბამისი ადამიანების მხრიდან.
არის ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც დღეს არ ესწრება ჩვენს შეხვედრას და განსაკუთრებით გამოირჩევა რადიკალიზმით. მათ წარმოადგინეს ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც ამ საკითხებს ეთმობა. ვიტყოდი, არ ვაჭარბებ, ეს არის ქვეყნის განადგურების ცხრაპუნქტიანი გეგმა. ეს ყველაფერი გამოიწვევს, მარტო პირველ წელს, სულ მცირე, ათი პროცენტით ჩვენი ეკონომიკის შემცირებას, სხვადასხვა სექტორის განადგურებას და ასე შემდეგ. რომელი პარტიაც არის, ალბათ თავადაც მიხვდებით. დღეს რომ შეხვედრას არ ესწრებიან, ესეც მათ რადიკალიზმზეც მეტყველებს. მგონი, ამ შემთხვევაში მაინც არ არის რადიკალიზმი ის ტერმინი, რომელიც არ უნდა გამომეყენებინა. როდესაც პოლიტიკური პარტია გვთავაზობს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას, ეს არის რადიკალური პოლიტიკური პარტია, ასეთია პარტია „ლელო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.