საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრეზიდენტთან, რაიმონდ ვეიონისთან გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი საქართველოსა და ლატვიის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობასა და ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას შეეხო. მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ მიღწეული წარმატებები განიხილეს. რაიმონდ ვეიონისის განცხადებით, ლატვია ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
ოფიციალური ვიზიტი ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა.
„დღეს დავასრულეთ ოფიციალური ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში შევხვდით ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს. ჩვენს კოლეგებთან ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრები გვქონდა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.