ირაკლი კობახიძე - კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, ოპოზიციის საქმეა წინადადებების წარმოდგენა, დაველოდებით მათ წინადადებებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ კრიზისში არა პოლიტიკური სიტუაცია, არამედ თავად ოპოზიციაა.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით ოპოზციის წევრებთან გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყებამდე კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ ახალი წინადადებების წარდგენას ელის. რაც შეეხება შეკითხვას, წარადგენს თუ არა თავად მმართველი გუნდი რაიმე წინადადებას, კობახიძე ამბობს, რომ ეს არა მათი, არამედ ოპოზიციის პრეროგატივაა.
„კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, ოპოზიციის საქმეა წინადადებების წარმოდგენა და დაველოდებით მათ წინადადებებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, ანგარიშს ვუწევთ მათ პოზიციას. მათი ინიციატივა იყო ამ შეხვედრის მეორე რაუნდის ჩატარებაც და შესაბამისად, მოვედით ამ შეხვედრაზე. მოვედით, რომ მოვუსმინოთ ოპოზიციის შეთავაზებას, მათ წინადადებას, ვნახოთ, რას წარმოგვიდგენენ დღეს და ამის მიხედვით გაგრძელდება საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზციის მეირ უკვე წარდგენილი გერმანული მოდელის მოდიფიცირებულ ვარიანტს, უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ის ანტიკონსტიტუციურია და ეს ფაქტი დისკუსიას აღარ საჭიროებს.