ირაკლი კობახიძე - კრიზისი არის ხელოვნური, რადგან მელიას შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოვიდეს ციხიდან, ოპოზიციას კი შევიდეს პარლამენტში
ირაკლი კობახიძე - კრიზისი არის ხელოვნური, რადგან მელიას შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოვიდეს ციხიდან, ოპოზიციას კი შევიდეს პარლამენტში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში კრიზისი ხელოვნურად არის შექმნილი.

„ზოგადად მთელი ეს კრიზისი არის აბსოლუტურად  ხელოვნური, რადგან ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა მელიას შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოვიდეს ციხიდან და ოპოზიციას შეუძლია, ნებისმიერ დროს შევიდეს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, რადგან ასეთი სივრცე აქვს თავიდან ბოლომდე მინიჭებული ოპოზიციას, ბუნებრივია, ყოველგვარი საუბარი კრიზისზე არის ზედმეტი. მათ არ აქვთ არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ მელია არ გამოვიდეს გარეთ. მას აქვს ერთადერთი გადასახდელი გირაო და ესაა მისი მხრიდან სახელმწიფოს მიმართ მინიმალური პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ასევე არანაირი საფუძველი არ აქვს ოპოზიციას, პარლამენტში არ შევიდეს.

„ისინი შიდა შეხვედრებზეც კი ვეღარ ბედავენ უკვე არჩევნების გაყალბებაზე საუბარს, რადგან არავითარი საბუთები არ წარმოუდგენიათ და უკვე გამზადებულია დასკვნები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და თავისუფალი“, – განაცხადა კობახიძემ „იმედის კვირასთან“.