ირაკლი კობახიძე - კორუფციის ერთ-ერთი წყარო არის გაუმჭვირვალობა, ის ადამიანები, ვინც საბჭოური ტიპის კამპანიას აწარმოებენ სასამართლოს წინააღმდეგ, აბსოლუტურად გაუმჭვირვალე არიან საკუთარ საქმიანობაში
როდესაც საუბარია სასამართლო სისტემაზე, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და უნდა ისაუბროს ფაქტებით. დღემდე ვერ ვისმენთ ფაქტებს, ამიტომ უწევთ საბჭოური ტიპის კამპანიების წარმოება სასამართლოს წინააღმდეგ. ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტების გარეშე საუბარი არის სწორედ საბჭოთა სტილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლია კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საბჭოური ტიპის კამპანიები წარმოებს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც 2012 წლამდე სასამართლო აქციეს ადამიანების ჩაგვრის ერთ-ერთ ინსტრუმენტად.
„ამას არ უნდა შეეგუოს საზოგადოება და ჩვენ ყოველთვის ავიმაღლებთ ხმას უცხოური გავლენების აგენტების წინააღმდეგ. რაც შეეხება კორუფციას, კორუფციის ერთ-ერთი წყარო არის ბუნდოვანება, გაუმჭვირვალობა და სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საბჭოური ტიპის კამპანიას აწარმოებენ, არიან აბსოლუტურად გაუმჭვირვალე საკუთარ საქმიანობაში. არავინ იცის, ვისგან ფინანსდება ამ ორგანიზაციების საქმიანობა, რა მიზნებს ემსახურება მათი დაფინანსება და ა.შ. სწორედ გაუმჭვირვალობა არის კორუფციის მთავარი წყარო. სამწუხაროდ, ის სუბიექტები, რომლებიც აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიებს სასამართლოს წინააღმდეგ, გამოირჩევიან გაუმჭვირვალობით და ეს არის კორუფციის საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.