ირაკლი კობახიძე - კორონავირუსის გათვალისწინებით დახმარება გაიცემა ყველგან, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები ტარდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მიერ 200-ლარიანი დახმარების გაცემის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსების განაწილების მიმართულებით დისკრეცია არც ერთ ორგანოს არ მინიჭებია.
კობახიძის განმარტებით, ნორმატიული აქტით ზუსტად განისაზღვრება ის სეგმენტი, ვინც დახმარებას იღებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი დახმარება კორონავირუსის გათვალისწინებით ყველა ქვეყანაში გაიცემა.
კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წინაასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებზეა საუბარი.
„რაც შეეხება 200-ლარიან დახმარებას, აქ მთავარი არის, რომ ამ დაფინანსების განაწილების კუთხით დისკრეცია არც ერთ ორგანოს არ ენიჭება. დისკრეცია რომ ყოფილიყო მინიჭებული, რომელიმე ორგანოს რომ ჰქონოდა საშუალება, ვიღაცისთვის მიეკუთვნებინა 200 ლარი და ვიღაცისთვის არა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამაზე შეიძლებოდა საუბარი, მაგრამ როგორც 200-ლარიანი,ისე 300-ლარიანი დახმარების და ა.შ. მთავარი პრინციპი არის ის, რომ არც ერთ ორგანოს არ აქვს დისკრეცია. ანუ, ნორმატიული აქტით ზუსტად განისაზღვრება ის სეგმენტი, ვინც იღებს ამ დახმარებას. ასეთი დახმარება გაიცემა ყველა ქვეყანაში კოვიდის გათვალისწინებით. მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც არ ტარდება არჩევნები და სადაც ტარდება არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.