ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის სახით ძალიან დახვეწილი დოკუმენტი მივიღეთ 
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის სახით ძალიან დახვეწილი დოკუმენტი მივიღეთ 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციას აკრიტიკებს და ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაზე მიუთითებს.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, პარლამენტი კონსტიტუციურ კანონპროექტს მეორე მოსმენით მიიღებს, რომელიც სწორედ ოპოზიციის მოთხოვნით შემუშავდა.

„კონსტიტუციის სახით ძალიან დახვეწილი დოკუმენტი მივიღეთ, თუმცა ოპოზიციის მხრიდან დამატებითი თხოვნები იყო, რომელიც ვენეციის კომისიამ გაიზიარა და რეკომენდაცია იყო, რომ დამატებითი ცვლილებები განგვეხორციელებინა. კონსტიტუციაში ეს ცვლილებები სწორედ ოპოზიციის თხოვნის შესაბამისად შეგვაქვს, თუმცა ვხედავთ, რომ დარბაზი მათ მხარეს ცარიელია, ოპოზიცია სხდომას არ ესწრება და მის მიერვე ინიცირებულ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად მაღალია პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური კულტურის ხარისხი. ეს სამწუხარო რეალობაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ქვეყანაშია, ჩვენი პოლიტიკური სისტემა სულ უფრო დაიხვეწება და როცა პროპორციულ სისტემაზე გადავალთ, პოლიტიკური სისტემის და პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალი ხარისხი გვექნება”, – განაცხადა კობახიძემ.