ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციაში სახელმწიფო საიდუმლოების აღიარების წესი კონკრეტდება 
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციაში სახელმწიფო საიდუმლოების აღიარების წესი კონკრეტდება 

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო საიდუმლოების აღიარების წესი დამატებით კონკრეტდება.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კობახიძემ განაცხადა, დადგენილია, რომ სახელმწიფო საიდუმლოებად შეიძლება აღიარება მოხდეს ინფორმაციის კანონით, ან კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში გრიფირების წესი იგულისხმება.

„არის შემთხვევები, როცა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კანონით პირდაპირ არის გამოცხადებული სახელმწიფო საიდუმლოებად. გრიფირების წესი დადგენილია და გრიფირების საფუძველზე სახელმწიფო საიდუმლოებად გარკვეული ინფორმაციის ან დოკუმენტის აღიარება ინდივიდუალური წესით ხდება. დაკონკრეტებულია, თუ როგორ ხდება სახელმწიფო საიდუმლოებად გარკვეული ინფორმაციის აღიარება. ამის საფუძვლებია – დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ან სამართალწარმოების ინტერესების დაცვა. ბუნებრივია, კანონში შესაბამის დეფინიციას ჩავხედეთ, სადაც ეს დეფინიცია უფრო მეტად არის გაშლილი. სამართალწარმოებაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა იგულისხმება, რაც კანონით საიდუმლოებად არის აღიარებული. იგივე ეხება სისხლის სამართლის საქმეებსაც. ეს ჩანაწერი შესაბამისობაშია როგორც მოქმედ კანონმდებლობასთან, ასევე სამართლის პრინციპებთან და იმაზე მაღალ სტანდარტს ადგენს, ვიდრე ევროკონვენცია. მუდმივად საუბარი იყო იმაზე, რომ ევროკონვენციაში ხომ წერია და ეს ძირითადი უფლება უფრო დაბალი სტანდარტით არის გარანტირებული, თუმცა ამბიცია სხვა სტანდარტზე გვაქვს, რაც კანონმდებლობით არის უზრუნველყოფილი და ჩვენი სურვილია, რომ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება მაღალი სტანდარტით იყოს დაცული“, – განაცხადა კობახიძემ.