ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციაში პრეზიდენტის მეცადინეობაზე პასუხისმგებელი მე არ ვიყავი, თუმცა როგორც ჩანს, ეს სერიოზული პრობლემაა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციას სწორად კითხულობს, თუმცა ამ თვალსაზრისით, საზოგადოება პრობლემებს ხედავს.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის არჩევის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის კომენტარები მისთვის გაუგებარი იყო.
„სიტუაცია მარტივია, 2016 წელს უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდა, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა, რომელიც 2/3-ით, ანუ მყარი უმრავლესობით არის წარმოდგენილი. მთავარი განმსაზღვრელი აჭარის მოსახლეობის ნებაა. მაშინ როცა პრეზიდენტის მხრიდან კანდიდატი მისაღებია, ასეთ დროს დამატებითი დროის აღება და კომენტარების გაკეთება აბსოლუტურად გაუგებარია.
საკმაოდ რთული პერიოდი გვქონდა, როდესაც პრეზიდენტს ვარწმუნებდით, როგორ უნდა იყოს წაკითხული კონსტიტუციის ესა თუ ის ნორმები. მაგალითად, მთავრობის ნაწილში. ხუთი წელი დაგვჭირდა იმის ასახსნელად, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, პრემიერ-მინისტრობის ის კანდიდატი და მთავრობის ის შემადგენლობა წარმოადგინოს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ნებას გამოხატავს. ეს არის მარტივი რამ, თუმცა პრეზიდენტს ამ მარტივი ჭეშმარიტების აღსაქმელად ხუთი წელი დასჭირდა და ახლა იმის სწავლებაც გვიჭირს, რომ ანალოგიურად აჭარაში უნდა იმოქმედოს, როცა ასარჩევია მთავრობის ხელმძღვანელი”, – აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი აჭარის მთავრობის შერჩევის მიზნით, კონსტიტუციას სწორად გააცნობიერებს, სწორად წაიკითხავს და ამ მოცემულობის შესაბამისად იმოქმედებს.
„მეცადინეობასა და სწავლებაზე პასუხისმგებელი მე არ ვიყავი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს სერიოზული პრობლემაა. პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც კითხულობს და სწორად კითხულობს კონსტიტუციას, თუმცა ამ კუთხით პრობლემებს ვხედავთ. მარტივი ვითარებაა, როდესაც პრეზიდენტს ვალდებულება აქვს, რაც მოსახლეობის წინაშე ვალდებულებაა, იმ მოსახლეობის წინაშე, რომელმაც აჭარაში ნდობა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა. ეს მისი ვალდებულებაა საზოგადოების, მოსახლეობის წინაშე და იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ, კონსტიტუციას სწორად გააცნობიერებს, სწორად წაიკითხავს და ამ მოცემულობის შესაბამისად იმოქმედებს”, – დასძინა კობახიძემ.