ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციაში ინფორმაციის გასაჯაროვებაზე უარის თქმის ოთხი საფუძველი რჩება
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციაში ინფორმაციის გასაჯაროვებაზე უარის თქმის ოთხი საფუძველი რჩება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციაში ინფორმაციის გასაჯაროვებაზე უარის თქმის ოთხი საფუძველი რჩება, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას, კომერციულ, პროფესიულ და პირად საიდუმლოებას ეხება.

ირაკლი კობახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნას გამოეხმაურა, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლმა კორექტირება განიცადოს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას ეხება.

სპიკერის ინფორმაციით, საკითხზე გუშინ საღამოს იუსტიციის წარმომადგენლებთან განხილვები შედგა და მხარეები გარკვეულ პოზიციაზე შეჯერდნენ.

„იუსტიციის სამინისტროს პირვანდელი შემოთავაზება იყო ის, რომ პირდაპირ სამწვეროვანი ტესტი შემოგვეღო, რაც იმას გულისხმობს, რომ ევროკონვენციის სტანდარტი გადმოდის, თუმცა ამით ფართოვდება ჩარევის საფუძველი, რაც ჩემთვის მიუღებელია. ამ დონეზე ჩარევის გაფართოვება მიუღებელია ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი კოლეგების დიდი ნაწილისთვის. აქედან გამომდინარე, ოთხი პირობა რჩება, რომელიც ინფორმაციის გასაჯაროებას გამორიცხავს და ეს არის – სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. ეს ოთხი კრიტერიუმი ძალაში რჩება და უფრო მეტიც, კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის აღიარების პირობები და საფუძვლები“, – განაცხადა კობახიძემ.

იუსტიციის სამინისტრო ითხოვს, რომ საჯარო ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაზუსტებები გაკეთდეს. კერძოდ, დაკონკრეტდეს, რა სახის ინფორმაცია არ უნდა გაიცეს.