ირაკლი კობახიძე - კონკრეტულ ძალებს „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა აძლევს საშუალებას, საქართველო დატოვონ რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში
კონკრეტული ძალებისთვის პოლარიზაცია, რადიკალიზმი არის საკუთარი ინტერესების რეალიზების მთავარი ინსტრუმენტი, „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა აძლევს მათ საშუალებას, რომ საქართველო დატოვონ ამ ე.წ. პოლარიზაციის, იმავე რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში, ამიტომ ეწინააღმდეგებიან შესაბამისი ძალები გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, გარკვეულ ძალებს სურთ, ქვეყანა მუდმივად ამყოფონ რადიკალიზმის რეჟიმში.
„კონკრეტული ძალებისთვის პოლარიზაცია, რადიკალიზმი არის საკუთარი ინტერესების რეალიზების მთავარი ინსტრუმენტი და ამ კუთხით „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა მათთვის ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. სწორედ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა აძლევს მათ საშუალებას, რომ საქართველო დატოვონ ამ ე.წ. პოლარიზაციის, იმავე რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში და სწორედ იმიტომ ეწინააღმდეგებიან შესაბამისი ძალები გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, რომ მათ სურთ, ქვეყანა მუდმივად ამყოფონ რადიკალიზმის რეჟიმში და ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა 2020 წლის ბოლოს, რა ხდებოდა 2021 წელს, რა ხდებოდა 2022 წელს, შემდეგ 2023 წელს – სამი წლის განმავლობაში ქვეყანა იყო მუდმივი რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობის პირობებში და ეს აწყობთ კონკრეტულ ძალებს, მაგრამ ეს არ აწყობს ქართულ სახელმწიფოს და ეს არ აწყობს, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას.
შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში დავამშვიდოთ ეს ქვეყანა, არის აუცილებელი ამ კანონის მიღება. იქნება, რა თქმა უნდა, აქციები დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და, რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი, თუმცა ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ამ ქვეყანას პოლარიზაციისა და რადიკალიზმისგან. ეს არის ძალიან პრინციპული, ეროვნული ამოცანა. თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ. პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება სწორედ ამ ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა და ვითარების დამშვიდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია“, – განაცხადა კობახიძემ.