ირაკლი კობახიძე - კომუნიკაციის ნაკლებობა 2017 წელს პარლამენტის ერთ-ერთი სისუსტე იყო, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა
ირაკლი კობახიძე – კომუნიკაციის ნაკლებობა 2017 წელს პარლამენტის ერთ-ერთი სისუსტე იყო, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა
შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ საზედამხედველო ფუნქციების თვალსაზრისით სერიოზული სისუსტეები გვქონდა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„წლების განმავლობაში პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები ძალიან სუსტად იყო განვითარებული, რაც ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა“, – განაცხადა კობახიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა აქტიური თანამშრომლობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტისთვის მიცემული პირობა იმის გარანტი, რომ მინისტრებს პარლამენტში ხშირად ვიხილავთ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი პარლამენტისთვის პრიორიტეტია.
„მუდმივად ვმუშაობთ, რომ ამ კუთხით ჩვენი რესურსები განვითარდეს. გვაქვს მუდმივი დიალოგი მთავრობასთან და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში მუდმივი წინსვლა გვექნება. უნდა შევქმნათ კონკრეტული ფორმატები, რომლის ფარგლებშიც მთავრობასა და პარლამენტს შორის ინტერაქცია უზრუნველყოფილი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობასა და პარტიებს შორის კომუნიკაცია ოპოზიციის კუთხითაც იქნას უზრუნველყოფილი.
„ძალიან დაძაბული იყო ის ორი დღე, როცა მთავრობა პარლამენტის წინაშე წარსდგა. თუმცა, დაძაბულობისა და სამწუხარო ინციდენტების მიუხედავად, მთავარია, პარლამენტსა და მთავრობას შორის ძალიან აქტიური კომუნიკაცია შედგა, რაც ძალიან დიდი მიღწევა იყო. საპარლამენტო დემოკრატია სწორედ ასეთი დღეებითა და პროცესებით საზრდოობს და ცოცხლობს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„მოამბის“ ჟურნალისტის, თეონა მანაგაძის შეკითხვაზე, მთავრობის მხრიდან ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით იქნება თუ არა 2018 წელი პარლამენტის ისტორიაში გამორჩეული, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს კომუნიკაციის ერთიან, მათ შორის, ეთიკის სტანდარტებზე შეჯერება.
„კომუნიკაციის ნაკლებობა 2017 წელს პარლამენტის ერთ-ერთი სისუსტე იყო, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ხარვეზები და სირთულეები არსებობდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის – პოლიტიკური პარტიების კუთხით. ასევე, შესაძლოა, საკმარისი მზაობა მთავრობის მხრიდანაც არ იყო. ერთი ხელის მოსმით, წლების განმავლობაში დამკვიდრებული წესებისა და ტრადიციების შეცვლა ძალიან რთულია, მაგრამ თუ ასეთ სტანდარტებზე შევჯერდებით, საპარლამენტო სუბიექტებსა და მთავრობას შორის აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.