ირაკლი კობახიძე - კომიტეტებთან დაკავშირებით გვინდოდა მსჯელობის გაგრძელება, პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ეს არის კარგი პრაქტიკა და საქართველოში აუცილებლად უნდა დაინერგოს
რეფორმებთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ განვახორციელებთ ყოველგვარი შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც. ეს ეხება საარჩევნო რეფორმას, დაველოდებით ეუთო/ოდირის დოკუმენტს, მათ დასკვნას. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ბარიერი დაიწევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და მაქსიმალური იქნება სამი პროცენტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკების დროს დაფიქსირდა მზადყოფნა, რომ მმართველი გუნდი იმსჯელებდა უფრო დაბალი ბარიერის შემოღებაზეც 2024 წლისთვის.
რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებად ოპოზიციის წარმომადგენლების არჩევის საკითხს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე მმართველი გუნდი მზად იყო საუბრისთვის, რადგან აღნიშნული პრაქტიკა მისაღებია.
„უფრო მეტიც, ვიმსჯელებთ არა მარტო 2024 წლის არჩევნებზე, არამედ შემდგომი არჩევნებისთვისაც უფრო დაბალი ბარიერის შენარჩუნებაზე. კომიტეტებთან დაკავშირებით გვინდოდა დამატებით მსჯელობის გაგრძელება. ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის კარგი პრაქტიკა და საქართველოში აუცილებლად უნდა დაინერგოს. კარგია, მაგალითად კომიტეტების ერთი მესამედი აქვს ოპოზიცია. ეს პრაქტიკა არის ვეროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საკვანძო კომიტეტების თავმჯდომარეებიც კი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, შესაბამისად, ჩვენ მომხრე ვართ ამის დამკვიდრების. გვინდოდა მსჯელობა, რამდენად იყო რეალიზებადი ამ ამოცანის შესრულება ამ მოწვევის პარლამენტში, რადგან აქ არის პერსონალური და პერსონალურთან დაკავშირებული საკითხები. ნოემბერში ვაფიქსირებდით მზაობას ამ თემაზე. როდესაც მოლაპარაკების პირველი, მეორე რაუნდი იყო, ჩვენ გვქონდა შეთავაზება ამ თემაზე. ეს ჩვენთვის მისაღები და მოსაწონია. ერთადერთი საკითხი არის ის, რომ პერსონალური შემადგენლობა არის დაკომპლექტებული კომიტეტების და ამას შეიძლება ამას უხერხულობა გამოეწვია. ჩვენ მზად ვიყავით მსჯელობის გაგრძელებისთვის. ჩვენ ულტიმატუმები არ დაგვიყენებია. რაც შეეხება ოპოზიციას, იყო ორი ულტიმატუმი, ერთი იყო რურუას თემა, გარდა ამისა, ზოგიერთმა პარტიამ დააყენა ულტიმატუმის სახით მოთხოვნა, რომ ყველა შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ნულოვანი ბარიერით, მაგალითად ზურაბ ჯაფარიძემ ასეთი ულტუმატუმი დააყენა, სხვებმა დამატებითი მოთხოვნები დააყენეს. პირდაპირ იყო ნათქვამი, თუ არ აისახებოდა მუდმივი ნულოვანი ბარიერი კონსტიტუციაში, ზურაბ ჯაფარიძე ხელს არ აწერდა დოკუმენტს“, – განაცხადა კობახიძემ.