ირაკლი კობახიძე - კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოსთან დაკავშირებით გააკეთა, ასეთი განცხადებები გამაოგნებელია
კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოსთან დაკავშირებით გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ასეთი განცხადებები გამაოგნებელია.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი განცხადებები გამაოგნებელია. ამ თემაზე მეტი კომენტარის გაკეთება არ მინდა“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რამდენად მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფერი მოსალოდნელია.
„სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს. იმდენი უხეში ქმედება განახორციელა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, რომ შეიძლება, ყველაფერი გააკეთოს, თუმცა ამ მარჩიელობაში ვერ შევალ“, – აღნიშნა კობახიძემ.