ირაკლი კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ სპორტსმენების პოლიტიკურ სიბინძურეში გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია, ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, მთავრობა იქნება მათ გვერდით
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, რომ საქართველოს მთავრობა იქნება მათ გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში იგივე ადამიანები ახდენდნენ სპორტსმენებზე ზეწოლას, ვინც ორი წლის წინ ხვიჩა კვარაცხელიას და თორნიკე შენგელიას მოღალატეებს უწოდებდნენ.
„მინდა, ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ, ამ ზეწოლას ახორციელებდნენ იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს. შეგვიძლია ვნახოთ, ეს ადამიანები რას აკეთებდნენ მაშინ და ახლა. გახსოვთ თორნიკე შენგელიას და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია. მოღალატეებად შერაცხეს საამაყო ადამიანები. იგივე ადამიანები ახლა ახორციელებდნენ ზეწოლას ამ ორ და სხვა სპორტსმენებზეც. მე ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, რომ საქართველოს მთავრობა იდგება მათ გვერდით ყველა შემთხვევაში და ყველა ვითარებაში. ჩვენ ვიდგებით ჩვენი ფეხბურთელების გვერდით, როცა ისინი გავლენ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე და ასევე, ისინი იდგებიან ჩვენ გვერდით, როცა ჩვენ, ყველა ერთად, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მინდა, პატივისცემა გამოვხატო ჩვენი სპორსტსმენის მიმართ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, რაც ამ ადამიანებს ზუსტად ახასიათებთ“, – განაცხადა კობახიძემ.