ირაკლი კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თუ ერთიანი სიით გავა არჩევნებზე, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება
ამერიკულ ჩართულობაზე ვერაფერს გეტყვით, რაც შეეხება დანარჩენს, დანარჩენი ძალიან ლოგიკურად ჟღერს, მათ შორის ისიც, რომ ვაშაძე ერთგვარი მინი სააკაშვილია, ამ თვისებებით ჰგავს სააკაშვილს, ოღონდ არის ერთგვარი მისი მინი ვერსია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზაზა შათირიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „აშკარაა, რომ ახალი როლისთვის ამერიკელები გიორგი ვაშაძეს, უკვე დიდი ხანია, ამზადებენ“.
კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობა“ თუ ერთიანი სიით გავა არჩევნებზე, ეს უკეთესი იქნება, რადგან საზოგადოებას კიდევ უფრო გაუადვილდება არჩევანის გაკეთება და გადამწყვეტი განაჩენის გამოტანა კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“.
„დღეს ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად დაირქვან სხვადასხვა პარტია, გაერთიანდა ორი პარტია, „ნაცმოძრაობა“ და ვაშაძე, სინამდვილეში ორივე „ნაცმოძრაობაა“ და დარჩა კიდევ რამდენიმე პარტია, რომელიც რეალურად არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, იგივე „ლელო“, იგივე გახარია, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, კიდევ შეიძლება, სხვებიც არიან, ეს ოთხი პარტიაა არსებითად, სინამდვილეში ეს ხუთი-ექვსი ყველა არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თუ ისინი გავლენ ერთიანი სიით, ამ შემთხვევაში საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმარტივდება არჩევანი, ისედაც არ გაუჭირდება საზოგადოებას არჩევანის გაკეთება, მაგრამ თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გავა ერთიანი სიით, ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება, ამაში დავეთანხმები ექსპერტს“, – განაცხადა კობახიძემ.