ირაკლი კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაში, რომლის ერთ-ერთი ხაზია ლგბტ პროპაგანდა, პირდაპირ უპირისპირდებიან ფასეულობებს
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩართული არიან ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაში, რომლის ერთ-ერთი ხაზია ლგბტ პროპაგანდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მათ აქვთ დავალება, რომ ეს იდეოლოგია გაავრცელონ.
„რეალურად, არათუ ვერ ხედავენ ამ პრობლემას, თავად არიან პირდაპირ ჩართული იმაში, რასაც ჩვენ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას ვუწოდებთ. ამის ერთ-ერთი ნაწილია ლგბტ პროპაგანდა. იცით, რომ მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელშიც შედიან შესაბამისი პარტიები, შესაბამისი „ენჯეოები“, შესაბამისი მედიასაშუალებები, პირდაპირ არიან ჩართული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ლგბტ პროპაგანდა. ამის მიღმა, იცით, რომ ისინი მუდმივად თავს ესხმიან მართლმადიდებელ ეკლესიას. მათ ერთ-ერთ მთავარ ამოცანად აქვთ დასახული მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის შელახვა, რასაც ვერ ახერხებენ, მაგრამ მაინც არ ეშვებიან ამ თემას. ეს პარტიები პირდაპირ უპირისპირდებიან საქართველოში ტრადიციულ ფასეულობებს. აქედან გამომდინარე, მარტო ის კი არ არის, რომ რაღაცას ვერ ხედავენ, პირდაპირ უპირისპირდებიან ტრადიციულ ღირებულებებს, ფასეულობებს ჩვენს ქვეყანაში. მათ აქვთ დავალება, რომ ეს იდეოლოგია გაავრცელონ, შესაბამისად, მათ აქვთ დავალება, ასეთ კანონებს არ დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.