ირაკლი კობახიძე - „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ შედიან პარტია „ნაცმოძრაობაც“, „ლელოც“, „გირჩი“, გახარია, ერთი ფუძე აქვთ, თავის დროზე ერთად აყაჩაღებდნენ ბიზნესმენებს, მათი ერთიანობა არავის უკვირს
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ მთლიანად ეთანხმება „ლელოს“ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას, ასევე იწონებს კონცეფციას, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“.
მისი თქმით, ისინი არიან ალიანსში და ლოგიკურია, რომ მათ განცხადებებში თანხვედრაა.
„ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. უბრალოდ, არის ორი, რაღაც ორგანიზაციულად ცალკე ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, პარტია. ისინი არიან ალიანსში და ყველა ფეხის ნაბიჯზე დაადასტურეს თავიანთი ეს ალიანსი. აქედან გამომდინარე, მათ ცალ-ცალკე განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. მათ განცხადებებს შორის რომ თანხვედრა, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. ერთი პოლიტიკური ძალაა, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სადაც შედიან პარტია „ნაცმოძრაობაც“, „ლელოც“, „გირჩი“, გახარია და ა.შ. ერთი ფესვი, ფუძე აქვთ, ერთად აყაჩაღებდნენ ბიზნესმენებს თავის დროზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, მათი ერთიანობა, ბუნებრივია, არავის უკვირს. შესაბამისად, ეს თანხვედრა არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – განაცხადა კობახიძემ.