ირაკლი კობახიძე - კოალიციით თუ კოალიციის გარეშე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბება შესაძლებელი გახდება
ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ ვისთან შევა კოალიციაში „ქართული ოცნება“ და ვისთან არ შევა, თუმცა, ჩვენ კრიმინალურ პარტიებთან გვიჭირს ხოლმე თანამშრომლობა, – ამის შესახებ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან ურთიერთობაში აქვს წითელი ხაზები, როგორც მათი კრიმინალური წარსულის, ისე საგარეო კურსის მხრივ.
„ზოგადად, პროპორციული არჩევნების პირობებში და განსაკუთრებით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ძალიან მაღალია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ალბათობა. ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ ვისთან შევა კოალიციაში „ქართული ოცნება“ და ვისთან არ შევა, თუმცა, ჩვენ კრიმინალურ პარტიებთან გვიჭირს ხოლმე თანამშრომლობა, გვაქვს ეს წითელი ხაზი. სხვა კუთხით, არ გვიჭირს არავისთან თანამშრომლობა. გვაქვს წითელი ხაზები საგარეო პოლიტიკის კუთხითაც და ასევე წარსულის შეფასების კუთხით. ბუნებრივია, ეს იქნება მთავარი ამოსავალი წერტილი, როდესაც კოალიცია ჩამოყალიბდება. საგარეო კურსიც არის წითელი ხაზი და კრიმინალური წარსულიც არის წითელი ხაზი.
მგონია, რომ ყველაფერი იქნება კარგად და კოალიციით თუ კოალიციის გარეშე შესაძლებელი გახდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.