ირაკლი კობახიძე - კოალიცია არც ერთ შემთხვევაში არ დაგვჭირდება, ამის ერთ-ერთი გარანტი ის გუნდია, რომელიც დღეს წარვადგინეთ
საპარლამენტო გუნდის ოცეული პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმის მიხედვით ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეცამეტე და მეთექვსმეტე ნომრად კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა იმავე კრიტერიუმებით – პატრიოტიზმითა და პროფესიონალიზმით შეირჩნენ.
„პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმის მიხედვით ჩამოყალიბდა ჩვენი საპარლამენტო გუნდის ოცეული და ამ ოცეულით სერიოზულად გავაძლიერებთ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს, არამედ საქართველოს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს. სპორტსმენებიც ზუსტად იმავე კრიტერიუმებით შეირჩნენ, როგორც სხვა წევრები, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი. ორივე სპორტსმენს, რომლებიც დღეს იქნა წარდგენილი, სწორედ ეს გამოარჩევდა. ისინი იყვნენ თავიანთი საქმის ერთგულნი და იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის. ისინი უკვე პარლამენტართა რანგში გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია კოალიციის შექმნას არც ერთ შემთხვევაში არ განიხილავს.
„კოალიცია არ დაგვჭირდება არც ერთ შემთხვევაში და ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი არის გუნდი, რომელიც დღეს წარვადგინეთ. გარდა ამისა, ჩვენ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, გვექნება ძალიან კარგად გააზრებული და გაწერილი საარჩევნო პროგრამა, რომელიც ერთდროულად იქნება რეალისტურიც და ამბიციურიც, განსხვავებით სხვა ე.წ. საარჩევნო პროგრამებისგან, რომლებიც არის სავსე ტყუილებით. პროგრამა, განახლებული გუნდი, „ქართული ოცნების“ წარსული გამოცდილება, ჩვენ მიერ ნაკეთები საქმეები, ქვეყნის განვითარებაში შეტანილი გარდატეხა – ეს არის ის საფუძვლები, რასაც დაეყრდნობა ჩვენი საარჩევნო წარმატება. რა თქმა უნდა, ამას ემატება გასული თვეების განმავლობაში წარმატებული გამოცდილება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ყველაფერი არის გარანტია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს და კოალიციაზე არ არის საუბარი. ჩვენ გვექნება ბევრად მაღალი შედეგი, ვიდრე ეს შეიძლება იყოს 50 პროცენტი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ღონისძიება მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.