ირაკლი კობახიძე - კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი, ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე იქ რამე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული
კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი, ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე იქ რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მართლა არ ვიცი, რაზეა აქ საუბარი. ზოგადად, ქართულ კინოს სჭირდება გაჯანსაღება, საჭიროა მეტი რესურსის ჩადება ქართული კინოს განვითარებაში, მათ შორის ინტელექტუალური რესურსის. ბუნებრივია, აქეთკენ არის მიმართული მინისტრის ქმედებები. დანარჩენი ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს და გაირკვეს დისკუსიის ფორმატში და არა რაღაც პროტესტის ორგანიზებით“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, 2012 წლამდე კინოებს პოლიტიკური დაკვეთებით იღებდნენ. კობახიძის განცხადებით, დღეს ეს აღარ ხდება, რადგან კინოს კონტროლი წარსულს ჩაბარდა.
„არ ვიცი, რეალურად რა არის ამ პროტესტის მიზეზი. შეიძლება, იყოს სუბიექტური ინტერესები და ა. შ. მაგრამ როდესაც არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ქართული კინოს ინტერესების წინააღმდეგ და უბრალოდ რაღაც სახელებისა და გვარის გამო გამოთქვამ პროტესტს, ეს თავისთავად მიანიშნებს, რომ შეიძლება, რაღაც სუბიექტური ინტერესები არსებობდეს. საინტერესოა, რაღაც კლანი ხომ არ იყო იქ ჩამოყალიბებული“, – აღნიშნა კობახიძემ.
პასუხად კითხვაზე, – „კინოცენტრის მიერ დაფინანსდა სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება“. დოკუმენტურ ფილმში საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის ხეებზე. ამიტომ ხომ არ ხდება ცვლილებები, რომ მსგავსი ფილმები კინოცენტრმა არ გადაიღოს?“ – კობახიძემ განაცხადა, რომ კინოცენტრის დაფინანსებით დენდროლოგიურ პარკზე მსგავსი ირონიული ფილმის გადაღება სამარცხვინოა.
„საკადრო საკითხებთან რა კავშირი ამ ფაქტს, არ ვიცი. თვითონ ფილმზე შემიძლია, გითხრათ, რომ, უბრალოდ, სამარცხვინოა. თქვენც ხომ დარწმუნდით, რომ ეს სამარცხვინო ფილმია, რაც გადაიღო კინოცენტრის დაფინანსებით კონკრეტულმა რეჟისორმა. რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა ჩადო თავისი ფული, კონკრეტული ინვესტიცია იმ პარკის მოწყობაში, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს. ეს არის უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგიც არ არსებობს არც რეგიონში, არც უფრო ფართო მასშტაბით. ეს პარკი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ბავშვებისთვის, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის, ტურისტისთვის. როდესაც ამაზე ასეთ ირონიულ ფილმს იღებ, უბრალოდ, სამარცხვინოა, მაგრამ საკადრო გადაწყვეტილებებთან რა კავშირი აქვს ამას, ეს მისი პასუხისმგებლობაა. სამარცხვინო შინაარსის ფილმი უნდა დააფინანსოს მაინცდამაინც კინოცენტრმა? ასეთი მიდგომა ჩანს. ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, აშკარად პოლიტიკური მიზანი იკვეთებოდა ფილმის დაფინანსების უკან. მე ასე ვხედავ“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, „როდესაც აბსურდს აფინანსებ, ამას ვერ იქნება ვერანაირი ახსნა და გამართლება“.
„ივანიშვილმა ათეულობით მილიონი ჩადო, რათა მომავალ თაობებს, ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს ჰქონდეთ კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა. ამას როცა აქილიკებ, თან სახელმწიფოს დაფინანსებული ფულით, სამარცხვინოა. კინოცენტრი ხომ ხელისუფლების მიერ კომპლექტდება, ამ კუთხით ერევა ხელისუფლება მხოლოდ კინოცენტრის საქმიანობაში. აქ მთავარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული. რა თქმა უნდა, ფილმი შეიძლება, კრიტიკულიც იყოს, პოლიტიკურად სენსიტიურიც, მაგრამ როდესაც აბსურდზე იღებ ფილმს, ეს გაუგებარია, მაგრამ ამას საკადრო გადაწყვეტილებებთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – აღნიშნა კობახიძემ.