ირაკლი კობახიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანას ჰყავს ძალიან ძლიერი პრემიერი, რომელიც სათანადოდ ხელმძღვანელობს ჩვენს სახელმწიფოს
დარწმუნება არ გვჭირდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანას ჰყავს ძალიან ძლიერი პრემიერ-მინისტრი, რომელიც სათანადოდ ხელმძღვანელობს ჩვენს სახელმწიფოს, ეს აისახება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის ანგარიშის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, მთავრობის მეთაურის გასული წლის ანგარიში იყო ძალიან შთამბეჭდავი.
„საზოგადოების წინაშე იყო ძალიან შთამბეჭდავი მონაცემები წარმოდგენილი. დარწმუნება არ გვჭირდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანას ჰყავს ძალიან ძლიერი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელმძღვანელობს სათანადოდ ჩვენს სახელმწიფოს. ეს აისახება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარებაზე. რეალურად, პრემიერის ანგარიში მოიცავდა ყველა სფეროს, ყველა სამინისტროს გამგებლობის სფეროს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის ორივე წელი ქვეყანამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა.
„განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებდი ეკონომიკაზე, სადაც ძალიან შთამბეჭდავი ციფრები იყო წარმოდგენილი პრემიერის მხრიდან. თავისთავად ის, რომ მეორე წელია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის და ორივე წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, ეს მეტყველებს ძალიან ბევრ რამეზე. არის ასევე შთამბეჭდავი მონაცემები იმავე საგარეო ვალის კუთხით. 60%-დან 40%-ს ჩამოსცდა საგარეო ვალის მაჩვენებელი. 200 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამ ორი წლის განმავლობაში 50 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, შესაბამისად, ანალოგიურად, 60%-ით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტიც. მარტო ეს მონაცემებიც რომ ავიღოთ, უკვე საკმარისია საერთო წარმოდგენის შესაქმნელად იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად ვითარდება და არის ძალიან დიდი მუხტი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს აისახება როგორც ეკონომიკაზე, ასევე განვითარების სხვა სფეროებზე. ყველა მიმართულებით არის ხელშესახები შედეგები, ხელშესახები პროგრესი და ამასთან დაკავშირებით დღეს ძალიან საინტერესო ანგარიში მოვისმინეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.