ირაკლი კობახიძე - ხელშეკრულების გაწყვეტა კომპანია „ენკას“ გადაწყვეტილებაა, საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კომპანია „ენკას“ მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს.
„ეს იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. მთლიანობაში, თქვენ იცით, რომ ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენთვის არის ერთ-ერთ პრიორიტეტი, არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს. მთავრობას აქვს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხით და მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვაა დაგეგმილი. ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო გადაწყვეტილება. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.
კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენი კომპანიის შვილობილმა, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში.