ირაკლი კობახიძე - ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით საფინანსო დეპარტამენტს მიმართა ზოგიერთმა იმ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომელიც თითქოს ამბობს, რომ არ უნდა პარლამენტში შემოსვლა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანაზღაურებასთან დაკავშირებით პარლამენტში განცხადება შეიტანა.
ამასთან, კობახიძე კითხვაზე, გაქვთ რამე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანდატების გაუქმებაზე ოპოზიციას განცხადებები ხარვეზებით და შეცდომით აქვს დაწერილი, კობახიძე პასუხობს, რომ „შეიძლება, ასეც იყოს“.
„გარდა ამისა, საინტერესო ინფორმაციაა თქვენთვის, ზოგიერთმა დეპუტატმა განცხადება შემოიტანა ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მე მაგიტომ გეუბნებით, რომ დეპუტატებს პარლამენტში შემოსვლის სურვილი აქვთ. ერთადერთი არის შანტაჟი და ბულინგი. საბოლოო ჯამში ამ შანტაჟისგან და ბულინგისგანაც გათავისუფლდებიან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების მოთხოვნით მიმართავს ზოგიერთი ის დეპუტატი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის წევრი არ იყო.
„თქვენ შეგიძლიათ, გადაამოწმოთ. იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევის პარლამენტშიც, ავტომატურად ჩაერიცხათ დეკემბრის თანხა, რადგან მათი ანგარიშის მონაცემები პარლამენტში ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა. არიან დეპუტატები, რომლებიც არ იყვნენ წინა მოწვევის დეპუტატები. შესაბამისად, მათი მონაცემები არ ჰქონდა ფინანსურ დეპარტამენტს. ასეთი ზოგიერთი დეპუტატი მიმართავს ახლა საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების მოთხოვნით. არის ინტერესი, ეს ძალიან კარგია, რადგან აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზადყოფნა და ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება.
ბულინგი და შანტაჟი დიდხანს ვერ გაგრძელდება. შეიძლება, ერთი თვე შეგეშინდეს სააკაშვილის. მიმართეს საფინანსო დეპარტამენტს და მოითხოვეს ხელფასის ჩარიცხვა იმ დეპუტატებმა, რომლებიც, თითქოს ამბობენ, რომ არ უნდათ პარლამენტში შემოსვლა. დანარჩენი თქვენთვის მომინდია. ხოშტარია წინა მოწვევაშიც იყო და ავტომატურად ჩაერიცხა. ჩვენი ოპტიმიზმი მდგომარეიბს იმაში, რომ დეპუატატები პარლამენტში მოდიან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.