ირაკლი კობახიძე - ხაზარაძე გახარიას უწოდებდა თვალთხარიას, გახარია კი ხაზარაძეს - თაღლითს, ორი ასეთი პოლიტიკოსი როცა ერთიანდება, ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ ნული დამოუკიდებლობა
ხაზარაძისა და გახარიას გაერთიანებას აქვს ერთადერთი მიზეზი – ორივე პარტიას უჭირს ბარიერის გადალახვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, გახარიას პარტიას საერთოდ არავითარი შანსი არ აქვს, ხოლო „ლელო“ ახლოს არის საარჩევნო ბარიერთან, თუმცა „ლელოც“ რისკის ქვეშაა.
„ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვიღაცამ გარედან შეიძლება ერთმანეთს გაუერთიანოს ორი პოლიტიკოსი, რომლებიც, შეგახსენებთ, ერთმანეთს უწოდებდნენ თაღლითს და თვალთხარიას. ხაზარაძე უწოდებდა გახარიას თვალთხარიას, გახარია უწოდებდა ხაზარაძეს თაღლითს. როდესაც ორი ასეთი პოლიტიკოსი ერთიანდება, ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ ნული დამოუკიდებლობა. რასაც გარედან ეტყვიან, თავში რასაც ჩაუკაკუნებენ, ჟარგონზე რომ ვთქვათ, იმას აკეთებენ. ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა დღეს, ექვს საათზე გაიმართება.