ირაკლი კობახიძე - ხარვეზების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საერთო განწყობა დადებითია
ხარვეზების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საერთო, საზოგადოების განწყობა არის დადებითი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თემაზე: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაცია საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს.
„ცოტა ხნის წინ, ჩვენ ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ცხადყოფს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის ინსტიტუცია, რომლის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობაა არამარტო სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, არამედ სოციალურ ინსტიტუტებს შორის. საარჩევნო ადმინისტრაცია სარგებლობს მაღალი ნდობით საზოგადოებაში, რაც არის იმ საერთო გარემოს დამსახურება, რაც 2012 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, კვლევის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა 38 პროცენტი იყო, რაც მაღალი მაჩვენებელია.
„ისფედის“ მიმართ ნდობა, რომელიც იყო მთავარი დამკვირვებელი ორგანიზაცია ამ არჩევნებში, არის 22 პროცენტი “, – განაცხადა კობახიძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.