ირაკლი კობახიძე - „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი მხოლოდ გამჭვირვალობას ადგენს, მეორე ამერიკულია, რანაირად შეიძლება, ამერიკული კანონის მიღების გამო სტატუსი არ მოგანიჭონ
ირაკლი კობახიძე - „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი მხოლოდ გამჭვირვალობას ადგენს, მეორე ამერიკულია, რანაირად შეიძლება, ამერიკული კანონის მიღების გამო სტატუსი არ მოგანიჭონ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისია „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს პრინციპების დონეზე ვერ დაიწუნებს მაშინ, როცა პირველად ინიცირებული კანონპროექტი ადგენს არასამეწარმეო იურიდიული პირების გამჭვირვალობას, ხოლო მეორე კანონპროექტი არის ამერიკულის ზუსტი ასლი.

„ვსაუბრობთ კანონზე, რომელიც 85 წელია, მოქმედებს ამერიკაში და რომელმაც დროს გაუძლო, ძალიან კარგად მუშაობს დღემდე, რათა დაცული იყოს ამერიკის სუვერენიტეტი. ანუ 85 წელია, მუშაობს, გარკვეული ცვლილებები შევიდა 85 წლის განმავლობაში, მაგრამ ამ კანონმა გაუძლო დროს. ამიტომ შეიძლება იყოს საინტერესო. მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ამერიკულ კანონთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ არის ძალიან მძიმე და უხეში, მაგრამ როდესაც საუბარი იყო სპეკულაციებზე, ძალიან კარგი პასუხი გაეცა ამ სპეკულაციებს. იყო გაუმჯობესებული ვერსია, ქართული ვერსია, რომელიც დაინიცირდა. ამას მოყვა ტყუილები, ამბობდნენ, რომ ეს იყო რუსული კანონი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ მიერ თავდაპირველად ინიცირებულ პროექტში, ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე, გარკვეული ტექნიკური შესწორებები უნდა შევიდეს, რაზეც დღეს იმსჯელეს.

„ამისთვის საჭიროა მათ შორის საკომიტეტო და პლენარული მოსმენა. მაგალითად, ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე არ გავრცელდება ამ დონის მოქმედება. პირობითად სამედიცინო დაწესებულებებზეა საუბარი, ასევე, იქ არის რამდენიმე კატეგორიის ორგანიზაცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ პირველ კანონპროექტს არაფერი კავშირი არა აქვს რუსულ კანონთან.

„ამ სამარცხვინო სპეკულაციებს და ტყუილებს გაეცა პასუხი ამერიკული კანონპროექტის დაინიცირებით. ამერიკული კანონი შეიძლება იყოს პრობლემური, მე ასე მგონია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ერთადერთი, რაც ამ კანონპროექტით დგინდება, არის გამჭვირვალობა.

„ამდენი ხანი მიდის დისკუსია ისე, რომ საერთოდ არავინ საუბრობს კანონპროექტის შინაარსზე. გინახავთ რომელიმე ეთერი, სადაც გაშალა ვინმემ ამ კანონპროექტის დეტალები, ვსაუბრობთ იმ ტელევიზიებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას უკავშირდებიან, რომელიმემ განმარტა, კანონპროექტი რას გულისხომბს? არა, რატომ? იმიტომ, რომ როგორც კი თქვენ კანონპროექტს განმარტავთ, იქ გამოჩნდება, რომ ერთადერთი დადგენილია გამჭვირვალობა, მეტი არაფერი. იმიტომ არ გაწყობთ ამ კანონპროექტის შინაარსის განმარტება, რომ საზოგადოება გაიგებს, ერთადერთი დადგენილია გამჭვირვალობა, მეტი არაფერი. სულ ოთხგვერდიანია ეს კანონი, ერთადერთი, რაც წერია, არის გამჭვირვალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკული კანონი არ მოსწონს და ფიქრობს, რომ ქართული კანონპროექტი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაშია.

„როგორც იურისტი, ვამბობ, რომ არ მომწონს ამერიკული კანონი, კატეგორიულად არ მომწონს. კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ეფექტურად იცავს სუვერენიტეტს, მაგრამ, მეორე მხრივ, არის არაპროპორციული ჩარევა ადამიანის უფლებებში. მე, როგორც იურისტს, ასე მიმაჩნია. აქედან გამომდინარე, ეს კანონი არ მომწონს. ქართული კანონპროექტი არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. მე, როგორც იურისტი, არ ვიცვლი ამ პოზიციას, მაგრამ პირველზე იყო ტყუილები, სპეკულაციები, თითქოს ეს იყო რუსული კანონპროექტი, ცარიელი ტყუილი, ამ სპეკულაციებზე პასუხად, „ხალხის ძალამ“ დააინიცირა სუფთა ამერიკული თარგმანი. ჩანს, რომ კიდევ ორმაგი ტყუილი დაამატეს ამ ყველაფერს. არის ორი კანონპროექტი, ჩემი რწმენით, პირველი ბევრად უკეთესია, ვიდრე მეორე, მაგრამ გავაგრძელოთ მსჯელობა, მათ შორის დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნებს. გავაგრძელოთ მსჯელობა, თუ დაგვარწმუნებენ, რომ ამერიკული სჯობს პირველ ვერსიას, ამ შემთხვევაში მივიღოთ ამერიკული.

რაც შეეხება ტერმინებს, ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის მიხედვით გაგრძელდება მსჯელობა. ვნახოთ, რასთან დაკავშირებით წამოვა დასკვნები და რეკომენდაციები. ამერიკულ კანონში არათუ უცხოური გავლენის აგენტი ეწოდება შესაბამის სუბიექტს, არამედ პირდაპირ ეწოდება უცხოელი აგენტი. თუ ვენეციის კომისია,  მაგალითად, იტყვის, რომ უცხოელი აგენტი არის უკეთესი ტერმინი, ვიდრე უცხოელი გავლენის აგენტი, შეიძლება უცხოელ აგენტს დავუჭიროთ მხარი. ვნახოთ, რას იტყვის ვენეციის კომისია, ამის მიხედვით გაგრძელდება მსჯელობა და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ყურადღებით გავეცნობით დასკვნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ სინამდვილეში „ხალხის ძალის“ კანონპროექტებს კანდიდატის სტატუსთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„დადგენილია მხოლოდ გამჭვირვალობის სტანდარტი, მეტი არაფერი. ბუნებრივია, ვერავითარი გავლენა ამ კანონპროექტს ვერ ექნება კანდიდატის სტატუსთან, პირველ შემთხვევაში იმიტომ, რომ მხოლოდ გამჭვირვალობაა დადგენილი, მეორე შემთხვევაში კი იმის გამო, რომ ამერიკულია პირდაპირ დაკოპირებული და რანაირად შეიძლება, ამერიკული კანონის მიღების გამო ვიღაცამ არ მოგანიჭოს კანდიდატის სტატუსი. მით უმეტეს, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ ევროპარლამენტში უკვე აინიცირებს ახლა ზუსტად ამერიკულის ანალოგიურ კანონპროექტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.