ირაკლი კობახიძე - ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნას ხელს უწყობდნენ კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რაც უკვე რადიკალურად შეიცვალა, ამისთვის მადლობა შესაბამის დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს
ირაკლი კობახიძე - ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნას ხელს უწყობდნენ კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რაც უკვე რადიკალურად შეიცვალა, ამისთვის მადლობა შესაბამის დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს

როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, სასაცილოა, გეოპოლიტიკა არ შეცვლილა შარშანდელი წლის მერე, არც გეოგრაფიული მდგომარეობა და არც პოლიტიკური ვითარება ამ გეოგრაფიულ სივრცეში, ეს განცხადებები მიანიშნებს მათ ისტერიკაზე, მათ არ უნდოდათ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ახლა იციან, რომ ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს და ამ პირობებში აკეთებენ აბსურდულ, ალოგიკურ განცხადებებს.

„რაც შეეხება „ენჯეოებს“, ისინიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, უცხადებდნენ ევროკომისიას, რომ მხოლოდ ორი პუნქტი იყო შესრულებული, უცხადებდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ახლა უწევთ განსხვავებული მესიჯებით გამოსვლა. რაც შეეხება ნარატივს, რომ აქეთ არის ხელისუფლება, იქით – ხალხი, ესეც მიანიშნებს მათ ანტისახელმწიფოებრივ განწყობებზე, როდესაც ხდება ასე ხელოვნურად ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ეს არის აბსურდული განცხადებები და მიანიშნებს, რომ მათ მუდმივად სურთ, სახელმწიფო გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ, არავინ ჭამს ამას, ჟარგონზე რომ ვთქვათ, არც ჩვენი უცხოელი პარტნიორები არ მიიღებენ ასეთ აბსურდულ მესიჯებს და არც ქვეყნის შიგნით გაიყიდება ასეთი მესიჯები“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც სტატუსს იღებს ქვეყანა, ამ სტატუსს იღებს ხელისუფლება ხალხთან ერთად და ხალხი ხელისუფლებასთან ერთად.

„ქვეყანას ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. უნდოდათ რიგგარეშე არჩევნები და თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველმა ხალხმა ოპოზიციას, რომ მათ სურთ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ეს სპეკულაციები არის მთლიანად საფუძველს მოკლებული. სამწუხაროდ, თავის დროზე ამ ნარატივს, ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნას ხელს უწყობდნენ კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რაც ასევე თანდათანობით იცვლება, რადიკალურად შეიცვალა უკვე და ამისთვის მადლობა შესაბამის დიპლომატებს და შესაბამის პოლიტიკოსებს. ათეულობით ვიზიტი განხორციელდა სხვადასხვა დონეზე – პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირების დონეზე, ათეულობით ვიზიტი განხორციელდა და განსხვავებით „ენჯეოებისგან“, რომლებიც ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ლობირებდნენ სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღებას ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის არსებითი განსხვავება, ამისთვის განხორცილლდა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ათეულობით ვიზიტი ევროპის დედაქალაქებში, მათ შორის ბრიუსელში, ეს არის სინამდვილე და ეს არის რეალობა“, – განაცხადა კობახიძემ.