ირაკლი კობახიძე - ხაბეიშვილისა და კეზერაშვილის აქციაზე, არ ვიცი, რამდენი კაცი მივა, მაგრამ ხვალინდელი აქცია წარუმატებლობისთვის არის განწირული
ირაკლი კობახიძე - ხაბეიშვილისა და კეზერაშვილის აქციაზე, არ ვიცი, რამდენი კაცი მივა, მაგრამ ხვალინდელი აქცია წარუმატებლობისთვის არის განწირული

ხვალინდელი აქცია აბსოლუტურად ჩავარდება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ხაბეიშვილის და კეზერაშვილის აქციაზე, არ ვიცი, რამდენი კაცი მივა, ამას საზოგადოება ხვალ იხილავს, მაგრამ ეს ყველაფერი თავისთავად წარუმატებლობისთვის არის განწირული. ქუჩის რესურსი არ აქვს ზოგადად რადიკალურ ოპოზიციას, მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, წარმატებული ვერ იქნება მათი აქცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ აქციის 9 აპრილს დამთხვევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„9 აპრილი არის, ერთი მხრივ, ტრაგიკული დღე და გმირობის დღე; მეორე, ეს არის დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების დღე. როდესაც შენ, თან „ნაცმოძრაობას“, გინდა, რაღაც ფორმით მიიწერო ეს დღე, ეს თავისთავად მეტყველებს დამოკიდებულებაზე ჩვენი ქვეყნის წარსულის მიმართ, დამოუკიდებლობის მნიშვნელობის მიმართ და ა.შ. ხაბეიშვილს რა უნდა მოსთხოვო ან კეზერაშვილს და მერაბიშვილს?! სამი ყველაზე უინტელექტო ლიდერი ვინც ჰყავდათ, მაინცდამაინც ისინი არიან წინა პლანზე, რაც, სხვათა შორის, ლოგიკური დამთხვევაა. იმდენად დეგრადირებულია „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური გაერთიანება, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია, ყველაზე უინტელექტო ადამიანები რომ მოექცნენ მის სათავეში. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.