ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის შემაშფოთებელი მოვლენა
კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის შემაშფოთებელი მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.
კობახიძის თქმით, „გლობალური ომის პარტია“ აძლევს თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას ევროპაში კეზერაშვილს, ამის სანაცვლოდ, მას ევალება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება.
„კეზერაშვილის მეშვეობით, დიდი ხანია, ფინანსდება პოლიტიკური პროცესების ოპოზიციური ნაწილი საქართველოში, მათ შორის, საარჩევნო პროცესები. ეს არ არის ახალი მოვლენა. მას აქვს მიღებული გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა, თუმცა მასაც არ აქვს დიდი რესურსი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო შედეგებზე ჩვენს ქვეყანაში. ვისაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“, მათგან აქვს ეს დავალება მიღებული. ისინი აძლევენ თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას ევროპაში კეზერაშვილს, რომელიც დღემდე ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, მანამდე ძარცვავდა ქართულ ჯარს, ქართველ ბიზნესმენებს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ამ პირობებშიც კი მას აქვს უზრუნველყოფილი თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში. ამის სანაცვლოდ, მას ევალება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქით, კეზერაშვილს დაახლოებით ერთი წლის წინ ჰქონდა შეხვედრა ვიწრო წრეში, სადაც საკუთარ თანამოაზრეებს გააცნო გეგმა, რომლის მიხედვითაც, ის გეგმავდა 15 მილიონი დოლარის დახარჯვას არჩევნებზე.
„მას ჰქონდა ასევე იმედი, რომ 15 მლნ დოლარს თავს მოუყრიდა თავისი მეგობარი „ნაცმოძრაობის“ მოკავშირე ბიზნესმენების დახმარებით და მან დამატებით თქვა ასეთი რამ, ეს არის განსაკუთრებით საინტერესო, რომ 15 მლნ დოლარი ჰქონდა მას მოაზრებული NGO-ების დაფინანსების ნაწილში. რომელ თანხაზე იყო საუბარი, ამაზე საზოგადოებას შეუძლია, იმსჯელოს. ეს იყო ის გაუმჭვირვალე თანხები, რომებლიც საქართველოში ხმარდება არჩევნებს NGO-ების გავლით. რა თქმა უნდა, მას აქვს ასეთი დავალება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერც ეს გეგმა ვერ იქნება წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ ყველამ იცის, ვინ არის კეზერაშვილი, ყველამ იცის, ვინ არიან დანარჩენი რადიკალი ოპოზიციონერები. აქედან გამომდინარე, მათ დარჩებათ ის რეიტინგი, მაქსიმუმ, რაც აქვთ დღეს, თუმცა, ეს რეიტინგი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ჩვენი ამოცანა იცით, რაც არის – დღეისთვის გვაქვს დაახლოებით 60%, თუმცა გვინდა, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ეს მაჩვენებელი, რადგან ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია. მაღალი ლეგიტიმაცია გვჭირდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგი ოთხი წელი გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა, არამედ გჭირდება, რათა საქართველოში საბოლოოდ დამარცხდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც არის გარედან, ხელოვნურად თავს მოხვეული მოვლენა“, – განაცხადა პრემიერმა.