ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა აღიარა, რომ პოლიტიკაზე არაფორმალური გავლენა აქვს, თუ მიზანია დეოლიგარქიზაცია, „ნაცმოძრაობის“ პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ დეკეზერიზაციის
ექვსი შენიშვნაა, რასაც გავიზიარებთ. საქმე ეხება სწორედ ამ ექვსი რეკომენდაციის გადაგზავნას ვენეციის კომისიაში. დაველოდებით დამატებით დასკვნას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის შესწორებული რედაქციის ვენეციის კომისიაში ხელმეორედ გაგზავნაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტს ივნისის ბოლომდე მიიღებენ.
„მთლიანობაში ვენეციის კომისიის დასკვნა არის დადებითი და მათი პოზიციაა, რომ უნდა დაზუსტდეს ექვსი საკითხი, რომელიც, არსებითად, ტექნიკურია. ამაზე დამატებით დასკვნას დაველოდებით, ივნისის ბოლომდე კი კანონპროექტს მივიღებთ. ეს კანონი უკრაინაში უკვე მოქმედებს და ძალიან მაღალი შეფასება მისცა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ვენეციის კომისიის დასკვნაც დადებითია, მაგრამ იმისათვის, რომ არ იყოს გარკვეული ხარვეზები დაშვებული, მიგვითითებენ ექვსი საკითხის დაზუსტებაზე. ეს ტექნიკური საკითხებია და ტექნიკურად შეგვიფასებენ, რამდენად სწორად იქნება. არსებითად ამბობენ, რომ კანონი კარგია“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დავით კეზერაშვილმა აღიარა, რომ პოლიტიკაზე არაფორმალური გავლენა აქვს.
„დეოლიგარქიზაცია ხომ არის მიზანი? დებიძინიზაცია თქვა რასამ, რომელიც ვინც არის, იცით, ხომ? სინამდვილეში, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ქვეყნის გათავისუფლებას ოლიგარქიული გავლენებისგან, რაზეც საუბრობდა კეზერაშვილი და რაზეც აღიარებითი ჩვენება დადო, რაც მის ინტელექტზე მიუთითებს. კეზერაშვილი არის უინტელექტო ადამიანი, რომელსაც წამოცდენები აქვს ხოლმე. მან აღიარა, რომ პოლიტიკაზე არაფორმალური გავლენა აქვს, „შავი ფულით“ ქართულ პოლიტიკას აფინანსებს და, შესაბამისად, არის ოლიგარქი. კანონის მიღება საჭიროა იმისთვის, რომ რეაგირება მოხდეს. თუ მიზანია დეოლიგარქიზაცია, „ნაცმოძრაობის“ პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ დეკეზერიზაციის. ჩვენი ინიციატივა ამ კანონის მიღება არ იყო, თუმცა გვითხრეს, რომ საჭიროა ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქიზაციის აღმოფხვრა, დღეს მთავარი გაცხადებული ქეისია – კეზერაშვილის. სხვა შემთხვევებიც არის, როცა ადგილი აქვს ოლიგარქიულ გავლენებს ქართულ პოლიტიკაზე, როცა შავი, სისხლიანი ფული იხარჯება. თუ ეს არის ამოცანა, მაშინ კანონი გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა უნდა თქვას, რომ დეოლიგარქიზაცია არ არის ჩვენი ამოცანა და მაშინ მოვხსნით ყველაფერს“, – აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.